ქართული სოფლები რუსულ ოკუპაციამდე და შემდეგ

ცნობილია, რომ 2008 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ყველა ქართულ სოფელში ყველა ქართული სახლი თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად გაანადგურეს (განა ყველა საბრძოლო მოქმედებების დროს დაინგრა. არა, ომის შემდეგ, ცარიელი სახლები ჩამოიარეს, სადაც წინააღმდეგობას არავინ უწევდა და ააფეთქეს).

მაგრამ ის, რაც 2015 წლის მდგომარეობით ჩანს, მართლაც საკვირველია: დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში შენობების ნანგრევებიც კი აღარ დგას. სოფლების ადგილზე მხოლოდ მინდორი და ხეებია დარჩენილი.

როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს? როგორ უნდა გაექროთ საკმაოდ დიდი სოფლები ისე, რომ იქ დასახლებული პუნქტის ნაკვალევიც კი აღარ დარჩენილიყო? ამ ყველაფერს, ვფიქრობ კოლოსალური სამუშაოები დაჭირდებოდა: ძალიან ბევრი მძიმე სამშენებლო ტექნიკა, რომელიც ყველა დანგრეულ და დაზიანებულ შენობას პირწმინდად გაასწორებდა მიწასთან, შემდეგ ათასობით ტონა ნანგრევებს გაიტანდა და ბოლოს დარჩენილ საძირკველს (თუ საძირკვლებიც არ ამოთხარეს) მიწას მიაყრიდა. ამას საკმაოდ დიდი დრო და სათანადო ორგანიზება დაჭირდებოდა.

და რუსებმა ეს ყველაფერი გააკეთეს.

როგორც Google Earth-იდან ჩანს, ყოველივე ზემოაღნიშნული დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში განხორციელდა. პატარა ლიახვის ხეობასა და ცხინვალის რეგიონის სხვა ტერიტორიებზე მდებარე ქართულ სოფლებში (მაგალითად ერედვი, ბერულა, არგვისი, ავნევი) ყველა შენობა დანგრეულია, მაგრამ ნანგრევები ჯერ კიდევ დგას. ეტყობა ოკუპანტებს პირველ რიგში ოკუპირებული ტერიტორიის მთავარი ღერძიდან – დიდი ლიახვის ხეობიდან სურდათ ქართული დასახლებების ნაშთების მოსპობა.

შედეგად (რაც მე მოვიძიე), აღარ არსებობს დიდი ლიახვის ხეობის შემდეგი ქართული სოფლები:
1. თამარაშენი
2. ქვემო აჩაბეთი
3. ხეითი
4. ზემო აჩაბეთი
5. ქურთა
6. კეხვი
7. ძარწემი
8. ქემერტი

ამ სოფლებიდან დევნილი მოსახლეობა რომც დააბრუნო, ვერსად ვერ დაბრუნდება, რადგან მათ არათუ სახლი, არამედ კედლების ნანგრევებიც კი არ დახვდებათ, რომ სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში გაამაგრონ და სახურავი დაადგან. იქ ალბათ იმის გარკვევაც რთული იქნება, თუ ზუსტად ვისი სახლი სად იდგა.

GOOGLE EARTH / Zura Natsvlishvili
GOOGLE EARTH / Zura Natsvlishvili
GOOGLE EARTH / Zura Natsvlishvili
GOOGLE EARTH / Zura Natsvlishvili

ავტორი: Zura Natsvlishvili

მოგეწონათ?

1 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 1

კარგი შეფასება: 1

კარგი შეფასების პროცენტულობა: 100.000000%

ცუდი შეფასება: 0

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

თქვენც შეგიძლიათ შექმნათ მსგავსი პოსტი. შექმენით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.