in , ,

რა შეემთხვათ ტამპლიერ რაინდებს?

ისტორიის საიდუმლოებანი

ორდენის არსებობის 200 წლის განმავლობაში ტამპლიერმა რაინდებმა განუზომელ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს მოუყარეს თავი. მერე კი, XIV საუკუნეში ისინი დაუნდობლად გაანადგურეს. მართლაც ეშმაკის თაყვანისმცემლები იყვნენ, როგორც გამოცხადდა, თუ ულმობელი მტრების უდანაშაულო მსხვერპლნი? მართლაც გადაურჩნენ განადგურებას სხვა საძმოს სახით, დიდ განძს დაეპატრონნენ და საუკუნეების შემდეგ ახალი დროშით გამოვიდნენ ასპარეზზე? ამ იდუმალი საძმოს გადარჩენა-დაღუპვის შესახებ ათასგვარი ვარაუდი გამოთქმულა, თუმცა ტამპლიერთა ხვედრი დღემდე აღძრავს ინტერესს.

შუა საუკუნეებში ქრისტიანულმა ევროპამ არაერთი აგრესიული ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. ლაშქრობებს ორი მიზანი ჰქონდა: მუსლიმი მმართველებისთვის ისრაელის მიწების ხელიდან გამოგლეჯა და მომლოცველთა დაცვა. იერუსალიმმა 1099 წელს პირველ ჯვაროსნულ შეტევას ვერ გაუძლო და დაეცა. როგორც კი ჯვაროსნებმა პალესტინაში ფეხი მოიკიდეს, თავდადებული მებრძოლი რაინდების ჯგუფმა გაერთიანება და მონასტრულ-სამხედრო ორდენების ჩამოყალიბება გადაწყვიტა. არაერთი რაინდი მანამდეც იცავდა პილიგრიმებს, მაგრამ მხოლოდ 1099 წელს მოახერხეს ტამპლიერებმა, თავი იერუსალიმისა და მომლოცველთა დამცველ სამხედრო ორდენად გამოეცხადებინათ. პილიგრიმებს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ აკოდან (აკრადან) საკმაოდ სახიფათო გზის გავლა უწევდათ. იერუსალიმის მეფე ბალდუინ II-მ რაინდები დალოცა და სასახლეში თავშესაფარიც მიუჩინა ბიბლიური სოლომონის ტაძრის სავარაუდო მხარეს. სწორედ აქედან მიიღეს რაინდებმა ტამპლიერთა (მეტაძრეთა) სახელი – Les pa­uv­res che­va­li­ers du tem­p­le (ღარიბნი რაინდნი ტაძრისანი).
ამ მოკრძალებული დასაწყისის შემდეგ, ტამპლიერები სწრაფად დაეპატრონნენ სიმდიდრესა და შუა საუკუნეებისთვის უაღრესად გავლენიან თანამდებობებს. ტამპლიერთა ორდენი ყოველთვის მრავალრიცხოვანი იყო, რამაც პიკს XIII საუკუნეში მიაღწია, როცა 20 ათასი კაცი შეადგინა. ასპარეზზე ღიად გამოსვლის პირველ ხანებში, ბრძოლაში მრისხანე რაინდები თავიანთ სამხედრო საქმიანობას ბერმონაზვნურ იმიჯს უხამებდნენ. ტამპლიერებმა დიდი პატივისცემა მოიპოვეს, როგორც იდეალური ქრისტიანული საქციელის მქონე ბერ-მებრძოლებმა; საერო თუ სასულიერო ლიდერებს ლამის შეჯიბრება ჰქონდათ გამოცხადებული ტამპლიერთათვის შესაშური პატივისცემის გამოხატვასა და პრივილეგიათა მინიჭებაში. რაინდები გაათავისუფლეს ბეგარისგან, ფართო უფლებები მიანიჭეს და ევროპის გულუხვ შემომწირველთა მიერ, ძირითადად, საფრანგეთიდან ნაბოძები ძღვნის დიდი ნაწილიც უწილადეს.
ენით აუწერელმა სიმდიდრემ, უკიდეგანო მამულებმა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, მოგზაურთა ფიზიკური დაცვის ორგანიზებამ ტამპლიერებს იმ დროის კომერციულ ცხოვრებაში გაუკვალა გზა. როცა საქმე ფულის გადატანას შეეხებოდა, მათ შეეძლოთ თავიანთი არაოფიციალური იმპერიის ნებისმიერ წერტილში გაეგზავნათ საბუთი, რომელიც სავსებით საკმარისი იყო თანხის მისაღებად ან გასაცემად – ამ თვალსაზრისით, ტამპლიერებმა პირველი საბანკო ჩეკები შექმნეს. მომლოცველებს აღარ უწევდათ ფულის ჯიბით ტარება შორეულ და სახიფათო გზებზე. პილიგრიმს შეეძლო, მაგალითად, საფრანგეთში გადაეცა ფული ორდენისთვის, მერე კი იერუსალიმში ჩასულს მათ მიერ საფრანგეთში გაცემული საბუთით ნაღდი ფული მიეღო.
XIII საუკუნის მიწურულს ტამპლიერები ევროპის ქვეყნების მეფეებისა და უფლისწულთა სწორად მიიჩნევდნენ თავს და მხოლოდ პაპის ქვეშევრდომობას აღიარებდნენ.
სწორედ ამ დროს ტამპლიერ რაინდთა წინააღმდეგ მოვლენათა უეცარი აზვირთება დაიწყო. მუსლიმმა სარკინოზებმა, სალადინის სარდლობით, 1187 წელს კვლავ ხელთ იგდეს იერუსალიმი. მეტაძრე რაინდებმა, სხვა გასამხედროებულ ორდენებთან ერთად, მხოლოდ აკრას შენარჩუნება შეძლეს მომდევნო ერთი საუკუნით, თუმცა 1291 წელს პალესტინაში ეს უკანასკნელი საყრდენიც დაეცა, რასაც ავტომატურად მოჰყვა ტიროსის, სიდონისა და სხვა ქალაქების დაცემა. ტამპლიერები, ვინც აკრას სისხლის ღვრას დააღწია თავი, კვიპროსზე გადავიდნენ, საიდანაც იმედი ჰქონდათ (თუმცა ამაოდ), რომ კონტრშეტევას მოაწყობდნენ.
ტამპლიერები წმინდა მიწიდან გააძევეს, თუმცა ისინი მძლავრად იდგნენ ფეხზე ფინანსურადაც და ორგანიზაციულადაც, შტაბბინით პარიზში, და როგორც საძმომ, გაერთიანებამ, თავის შენარჩუნება მოახერხეს. მაგრამ უსაფრთხოების შეგრძნება მხოლოდ ილუზია იყო. ისეთმა მდიდარმა ორგანიზაციამ, როგორიც ტამპლიერთა საძმო იყო, ბევრის გულის წყრომა და აღშფოთება გამოიწვია. ბოლო წლებში გულზვიადი და ამპარტავანი რაინდების სახელი გაუვარდათ, რომელნიც წესსა და კანონს არად აგდებდნენ, რასაც სარჩულად მათი ფული და პრივილეგიებიც დაედო. როცა რომელიმე წევრი საფრთხეში ვარდებოდა, მას საშველად ცოტა თუ გაუწვდიდა ხელს. მაგრამ ნამდვილი საფრთხე მაინც მოულოდნელად დაატყდათ თავს: ტამპლიერებს ბრალი სატანისტური რიტუალების მოწყობასა და უწმინდურისადმი თაყვანისცემაში დასდეს – ქრისტეს მტრებად და მწვალებლებად შერაცხეს. ერთი მხრივ, შეჩვენებების, გმობის, წყევლა-კრულვის, დევნის, მეორე მხრივ კი – სულის ხსნის, განკითხვის დღის მოლოდინისა და უფლის სამსჯავროზე წარდგენის შიშის ეპოქაში სხვა ბრალდება ალბათ, წარმოუდგენელიც იქნებოდა.
ტამპლიერებზე შეტევა საფრანგეთის გვირგვინოსანმა ფილიპ ლამაზმა დაიწყო. როცა რომის ეკლესიის ახალარჩეული მეთაური კლემენტ V ვერაფრით დაიყოლია მეტაძრეთა დევნა-შევიწროებაზე ერესისა და გარყვნილების ბრალდებით, რაც დამტკიცებას საჭიროებდა, საქმეს თვითონ მოჰკიდა ხელი. 1307 წლის 13 ოქტომბერს, თანამედროვე უშიშროების სამსახურებსაც რომ შეშურდებათ, ისეთი ოპერატიულობით, ფილიპ ლამაზმა ერთ ღამეში დააპატიმრებინა საფრანგეთში მყოფი ყველა ტამპლიერი. პაპმა ეს ამბავი გააპროტესტა. განაცხადა, ტამპლიერებზე მხოლოდ ჩემი იურისდიქცია ვრცელდებაო, თუმცა ამაოდ დაშვრა. წამებითა და წამების მუქარით ბევრმა ტამპლიერმა აღიარა, ჯვარს ვაფურთხებდით და მამათმავლობასაც ვეწეოდითო. თვით დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლე გამოტყდა, ბიწიერებასა და მწვალებლობაში მეც მიმიძღვის ბრალიო.
პაპი კლემენტი ამგვარ აღიარებებს სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა 1308 წლის ივნისში სამოცდათორმეტმა “ბრალდებულმა” მის წინაშე აღიარა დანაშაული. ამის მერე პაპი უკვე ვალდებული შეიქნა, ორდენის საქმეთა გამოძიება დაევალებინა თავისი კომისიისთვის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ზოგჯერ ტამპლიერებს გამოსატეხად კვლავაც აწამებდნენ. გამოძიებამ წლობით გასტანა და წამებამ და წამების მუქარამ კიდევ უფრო მეტი «აღიარება» მოიტანა. ევროპაში ასეთი მასშტაბის გამოძიება მანამდე არც ყოფილა, მით უფრო, ასეთი «შედეგიანი».
თუმცა საფრანგეთში გამოძიების ბუნდოვნებით მოსილი საქმე ჩიხში შევიდა, რადგან წამებით მუქარის ქვეშ მიცემული აღიარება ბევრმა მოგვიანებით უარყო და ნათქვამი გადათქვა. ვინც ასე მოიქცა, ერესში დადანაშაულდა და საერო მოხელეებმა მეფე ფილიპს გადასცეს შესაწყნარებლად. ამ უკანასკნელმა კი არავინ შეიწყალა და უკვე 1310 წლის ვარდობისთვეში 54 ტამპლიერი კოცონზე დაწვეს. ოთხი წლის შემდეგ ჟაკ დე მოლემ გადაწყვიტა, აღარ წარემართა მოლაპარაკებები, რადგანაც მიცემულ აღიარებას იძულებითად მიიჩნევდა და სასამართლო ხელისუფლებასთან კავშირიც სიცრუის გაგრძელებად მიაჩნდა. იგი 1314 წლის 18 მარტს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან ანთებულ კოცონზე ავიდა. ლეგენდის თანახმად, როცა ალის ენები მისწვდა დე მოლეს, მან პაპსა და მეფეს უფლის სამსჯავროზე წარსადგომად მოუხმო თურმე. საგულისხმო დამთხვევაა, რომ მეფე ფილიპმაცა და პაპმა კლემენტმაც იმავე წელს განუტევეს სული.
ტამპლიერთა დასასრულის სიმბოლოდ დე მოლეს სიკვდილი იქცა, მიუხედავად იმისა, რომ პაპს ორი წლით ადრე უკვე გაუქმებული ჰქონდა ორდენის ლეგიტიმურობა. ესპანეთმა და პორტუგალიამ ტამპლიერთა ნაშთების შეტანის ნებართვა გასცეს, თუმცა სხვა სახელებით; მეტაძრეთა ქონება და უფლებები კი მეტოქე – ჰოსპიტალიერ სასულიერო რაინდთა ორდენს გადასცეს.
ისტორიის სცენიდან განდევნილმა ტამპლიერებმა იდუმალ, მითურ სამყაროში გადაინაცვლეს. მათი დამნაშავეობის ამბავი საუკუნოდ საკამათო გახდა. მათი მომხრეები ფილიპ ლამაზს ტამპლიერთათვის ცილისწამებაში სდებენ ბრალს. იმასაც ამბობდნენ, რომ ტამპლიერთა ქონებისთვის აღძრული შურით მეფემ სუსტ პაპზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ ორივენი ამ შურს გადაყვნენო. ზოგის ვარაუდით, მეტაძრეები სრულიად უდანაშაულო წამებულნი იყვნენ. სხვები კი ტამპლიერებს «საგმირო საქმეთა მიღმა» ქრისტიანებისა და რომის კათოლიკური ეკლესიის დამორჩილების მიზანსაც მიაწერდნენ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს კონსპირაცია დღემდე გრძელდება ფრანკმასონთა მიერ, რომლებიც ტამპლიერთა დარად საიდუმლო საინიციაციო რიტუალებს აწყობენ. ის ფაქტი, რომ ზოგი (ცხადია, არა ყველა) ფრანკმასონი მეტაძრეებთან სულიერ კავშირზე მიანიშნებს, უკვე ეჭვს აღძრავს. უფრო დაბალანსებული მოსაზრება კი ის გახლავთ, რომ ზოგიერთი ტამპლიერი, ალბათ, მართლაც უდიერად იყენებდა თავის მდგომარეობას (რაც არც ერთ სასულიერო ორგანიზაციაში არ არის გასაკვირი, მით უფრო ტამპლიერებისთანა ხალხმრავალ საძმოში) და საეჭვო რიტუალებშიც მონაწილეობდა.
არანაკლებ საინტერესოა მეტაძრეთა ქონების ბედი. როცა ტამპლიერები მასობრივად დააპატიმრეს და სასამართლოს მოხელეებმა მათი უძრავი ქონების კონფისკაცია მოახდინეს, იმავე ღამეს პარიზიდან დიდძალი განძი გაიტანეს მალულად საზღვაო პორტ ლა-როშელში. გადმოცემის თანახმად, პორტიდან უცნობი მიმართულებით გაცურა ტამპლიერთა ხომალდმა განძთან ერთად, რომლისთვისაც დღემდე ვერ მიუკვლევიათ. არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ ქონების წყალობით, გადარჩენილმა ტამპლიერებმა იატაკქვეშეთში მოახერხეს გადანაცვლება და მომდევნო ხანებში ფრანკმასონთა საძმოდ გარდაქმნა.
განძეულის გადამალვის შესახებ არსებობს თეორია, რომ ლტოლვილმა ტამპლიერებმა შოტლანდიას მიაშურეს, სადაც მეფე რობერტ ბრიუსმა თავშესაფარი მისცათ. იმ ხანებში შოტლანდიის გვირგვინოსანი ინგლისის მეფე ედვარდ I-ს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ეომებოდა. 1314 წელს შოტლანდიელებმა გასაოცარი გამარჯვება მოიპოვეს ბანოქბურნთან, სადაც უკუაქციეს ინგლისის ტახტის მემკვიდრე ედვარდ II გაცილებით აღმატებული ჯარით. თეორიის თანახმად, სწორედ მრისხანე ტამპლიერმა რაინდებმა მოაპოვებინეს რობერტ ბრიუსს ბანოქბურნთან გამარჯვება.
ამავე თეორიაზე დაყრდნობით, შოტლანდიაში XVII საუკუნის დამდეგს ფრანკმასონთა გამოჩენა სწორედ ტამპლიერებს უკავშირდება. ეს ამბავი კიდევ ერთხელ იმავე საუკუნის ბოლოს ამოტივტივდა, როცა დიდი განძი საიდუმლოდ გაუყენეს ოუკ-აილენდის გზას, კანადის ახალ შოტლანდიაში. სამალავს, თუკი მართლაც იმავე ადგილზეა ლაპარაკი, «ფულის ორმო» დაერქვა. «ფულის ორმო» საკმაოდ გონივრულად აგებული ჭაა, რომელიც მაშინვე წყლით ივსება, თუკი ვინმე მის ფსკერზე დააპირებს ჩასვლას. მავანთა აზრით, აქ მეკობრეთა ნაალაფარია ჩამალული. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ახალი შოტლანდია, როგორც ერთ დროს ძველი, ტამპლიერთა განძის საბოლოო დანიშნულების ადგილად იქცა.
რას შეიცავდა ხსენებული განძი, დღემდე განსჯის საგანი და ათასგვარი ვარაუდის საფუძველია. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მეტაძრეებს იერუსალიმში ფასდაუდებელი რელიკვიები ჰქონდათ ნაპოვნი – მათ შორის ბიბლიური კიდობანი და წმინდა გრაალი. მაგრამ თუკი განძი მართლაც შეიცავდა ამგვარ არტეფაქტებს, მაშინ დაისმის ლოგიკური კითხვა: რისთვის დასჭირდათ ტამპლიერებს და მერე ფრანკმასონებს, არასოდეს გამოემჟღავნებინათ ეს საიდუმლო? გავრცელებულია მოსაზრება, რომ ტამპლიერთა განძი მსოფლიო მნიშვნელობის სიმდიდრეს შეიცავს, რასაც მართლაც ესაჭიროება უცხო თვალისგან ათასგვარი ლეგენდით დაცვა. როგორიც უნდა იყოს სიმართლე ტამპლიერებზე, მათ განძსა და ბედ-იღბალზე, კამათი დღესაც არ წყდება და ალბათ, ეს თემა კიდევ დიდხანს არ ამოიწურება.

What do you think?

1 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 5

კარგი შეფასება: 3

კარგი შეფასების პროცენტულობა: 60.000000%

ცუდი შეფასება: 2

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 40.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ოვერტონის ფანჯარა

ოვერტონის ფანჯარა

ბოზები

“თავისუფლება”